Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სასწრაფოდ გადასაჭრელია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„დღეს, ვამაყობ, რომ კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით. არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა. არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს რთული საკითხები. როცა დავუსვი მკაფიო კითხვა ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ ერთად მოიძებნოს გამოსავალი, პასუხი იყო მკაფიოდ - კი. ეს იყო კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ განვაგრძობთ დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა მიშელმა მისივე ინიციატივით თბილისში გამართული ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ.

შარლ მიშელის განცხადებით, 1 მარტის შეხვედრის უპირველესი მიზანი ერთმანეთის მოსმენა იყო, „რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელია მეტი ნდობის არსებობა მომდევნო დღეების განმავლობაში“.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია და პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG