Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები


საქართველოს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამის შესახებ პარლამენტში, „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან იოსელიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

პროექტის თანახმად:

  • გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი);
  • დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;
  • აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა;
  • აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე;
  • მიუხედავად იმისა იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%;
  • გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები;
  • შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა;
  • შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში;
  • აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა;
  • გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;
  • აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

პროექტი ერთობლივი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს.

ამ ეტაპზე ღიად რჩება საარჩევნო ბარიერის საკითხი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მზად არიან განიხილონ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობა.

პაპუაშვილმა მოუწოდა პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშობაში მონაწილეობაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, პარლამენტში შევიდნენ და "არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს".

საკონსტიტუციო ცვლილებებს სულ მცირე 113 ხმა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში 150-დან 96 დეპუტატი მონაწილეობს - 90 "ქართული ოცნებიდანაა" არჩეული, 4 "პატრიოტთა ალიანსის" სიით და ამჟამად "ევროპელ სოციალისტებს" წარმოადგენენ და 2 პარტია "მოქალაქეებიდან". კიდევ 6 ოპოზიციური ბლოკიდან და პარტიიდან არჩეულმა პარლამენტარებმა 2020 წლის არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს, რაც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG