Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენურ კვირაია: „მე ვიყავი საქართველოში და კიდევ ჩავალ, რათა ინვესტიციები მოვიზიდო“


ბენურ კვირაია
ბენურ კვირაია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაია, აცხადებს, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, არა როგორც ასლან ბჟანიას თანაშემწე, არამედ როგორც ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებულია მეტი ინვესტიციის მოზიდვაში.

ასე გამოეხმაურა ბენურ კვირაია საქართველოში მისი ვიზიტის გარშემო ატეხილ სკანდალს.

ბენურ კვირაია აცხადებს, რომ თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასვლას გეგმავდა, როგორც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე, რაზეც ასლან ბჟანიამ უარი უთხრა. ამ პასუხის შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა.

„19 თებერვალს მე ჩემი მოწმობა ჩავაბარე. მე ვიმყოფებოდი საქართველოში და კიდევ წავალ, ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო, წავედი იქ, რათა მოვიზიდო უფრო მეტი ინვესტიცია ჩემი სამშობლოსთვის. მსურს, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, ბევრი ფული ჩამოვიტანო აფხაზეთში, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი ხალხი არ იყოს გაღატაკებული, არამედ კარგად ცხოვრობდეს“, - განაცხადა აფხაზმა ბიზნესმენმა ბენურ კვირაიამ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.

მანამდე ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას დავალებით, „აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან“ შეთანხმებით და ორი პირის თანხლებით, კვირაიას ვიზიტი 25 თებერვალს შედგა.

„სახალხო მოძრაობა“ აპროტესტებს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოსაც, რომელზეც, მისი განცხადებით, ბენურ კვირაია სუფრასთან სვამს ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს და ქართველ ხალხთან საერთო ისტორიასა და ძმობაზე ლაპარაკობს მაშინ, როცა ეს მეგობარი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზების მტერია.

კრიტიკოსთა გასაგონად ბენურ კვირაიამ განაცხადა, რომ არ არის არც ერთი პარტიის წევრი და არ თვლის თავს მოვალედ, თავისი ნაბიჯები რომელიმე პარტიას ან მოძრაობას შეუთანხმოს.

„მინდა მივმართო იმ პარტიებს, რომლებმაც ხმაური ატეხეს, მათ აქვთ რაიმე პროგრამა, რომელიც გააჯანსაღებდა ჩვენს ეკონომიკას? აქვთ რაიმე სოციალური პროგრამა, რომელიც მისცემდა შესაძლებლობს ჩვენს ქალებს, ბავშვებს, თუ ჩვენ მუდმივად რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიმყოფებოდეთ? მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩავიდა, თუ ჩვენთან არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებიც არიან და ჩადიან იქ? გასულ წელს 5 000 კაცი ჩავიდა საქართველოში, ჩვენი ავადმყოფები იქ მიდიან სამკურნალოდ“, - განაცხადა ბენურ კვირაიამ.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ თანახმად, ასლან ბჟანია თანმიმდევრულად ცდილობს საზოგადოებრივ შეგნებაში დაამკვიდროს აზრი, რომ საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგი ახალი გზაა და ამ იდეის პრაქტიკულად განხორციელებაც დაიწყო, მაშინ როცა „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მიმართ სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს“.

ოპოზიციური მოძრაობის განცხადებით, ასლან ბჟანია გარშემო იკრებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებს იზიარებენ და ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს „ეროვნული ინტერესების პირდაპირ ჩაბარებაა“.

„სახალხო მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ბჟანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ართმევს მორალურ უფლებას, ჰქონდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლით გაწერილი უფლებამოსილება, განსაკუთრებით სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის ნაწილში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG