Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გამო დაწესებული სანქციებისთვის რუსეთი დასავლეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთის 7 მაღალჩინოსნისა და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ 2 მარტს დაწესებულ კოორდინირებულ სანქციებს მოსკოვმა უწოდა „მტრული ანტურუსული ნაბიჯი“ და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ „ცეცხლს ნუ ეთამაშება“.

„აბსურდულობის ზეიმია, როდესაც სანქციების შემოღების საფუძვლად ცხადდება „რომელიღაც ქიმიური საშუალებით“ ა. ნავალნის თითქოსდა „მოწამვლის“ თაობაზე განზრახ მოწყობილი პროვოკაცია. ეს ყველაფრი ჩვენ შინაურ საქმეებში დაუფარავი ჩარევის გაგრძელების საბაბს წარმოადგენს. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

აშშ-მა და ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნი დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში 7 რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი.

აშშ-ის სანქციები დაუწესდა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტრს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.


ზემოხსენებულ მოხელეთა და ორგანიზაციათა აქტივები გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმის დაჭერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაგირება ვაშინგტონის მხრიდან ახალი სანქციების ამოქმედებას.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG