Accessibility links

site logo site logo

ნავალნის მომხრეები იმედოვნებენ, რომ სანქციების სიაში რუსეთის სხვა მოხელეებსა და ოლიგარქებსაც შეიყვანენ


ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე.

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციაში, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“, კომენტარი გაუკეთეს ნავალნის მოწამვლისა და დაკავების გამო აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებაზე რუსეთის წინააღმდეგ. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში სანქციების სიაში რუსეთის სხვა მოხელეებსა და ოლიგარქებსაც შეიყვანენ.

ფონდის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის თქმით, დასავლეთში ბოლომდე არ ესმით, „რამდენად მჭიდროდ არის პუტინის რეჟიმი დაკავშირებული ამ ოლიგარქების ფულთან“.

ადრე ნავალნის თანამებრძოლმა ვლადიმირ აშუროვმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა 35 პირის სია. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ მიიჩნევს, რომ აშშ-მა მათ წინააღმდეგაც უნდა შემოიღოს სანქციები. სიაში შედიან არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ნავალნის მოწამვლასთან, არამედ ბიზნესმენები პუტინის გარემოცვიდან, კერძოდ, მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და რომან აბრამოვიჩი. ნავალნი არაერთხელ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს დასავლეთის მიერ სანქციების შემოღებას იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებსაც მნიშვნელოვანი აქტივები მოეპოვებათ რუსეთის ფარგლებს გარეთ.

აშშ-მა და ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს ალექსეი ნავალნის დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში შვიდი რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი.

აშშ-ის სანქციები დაუწესდა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 27-ე სამეცნიერო ცენტრს და რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

ზემოხსენებულ მოხელეთა და ორგანიზაციათა აქტივები გაიყინება, თუკი ასეთები არსებობს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე. სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირისა და აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმის დაჭერა.

კრემლში მიაჩნიათ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ახალ პერსონალურ სანქციებს „არა აქვს საფუძველი, ეფექტი და აზრი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG