Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას ბიძინა ივანიშვილის იდეად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ამ მოდელს თავს ბიძინა ივანიშვილი გვახვევს:

„პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად (ჯერ ერთი ეს რამდენიმე თვის შემდეგ არის, სადაც ის დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს ძალიან ბევრს მოისყიდის) ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება რამდენიმე თვე კიდევ (და ის აუცილებლად წააგებს ამ პლებისციტს), იმისათვის რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია ქვეყნიდან გაყაროს კიდევ ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. და ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არა გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი მართლა.

ძალიან მძიმე სიტუაციაა, უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით, ქვეყანა მართლა არის შიმშილის პირობებში. უმეტესი მისი ნაწილი. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს ამ მიმართულებით იგი მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამავდროულად ერთიანობისა და აქტიურობისკენ მიხეილ სააკაშვილი ყველას მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება:

„ივანიშვილის გეგმა არის ახლა კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კომისიაში, მოაშორებს ჟვანიას, დანიშნავს ვიღაცა სხვას, ამ პლებისციტს მოგვახვევს თავს თავისი ფორმით და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკვეთრად და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მცირე ნიუანსების გარდა ოპოზიციას ჰქონდა ფუნდამენტურად საერთო გზავნილი და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, ეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პლებისციტს.

„პლებისციტი იყო "ევროპული საქართველოს" ინიციატივით დაყენებული საკითხი თავის დროზეც, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენ ამას, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა, ამა და ამ კონკრეტულ თარიღზე, არა შორეულ მომავალში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პლებისციტი უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

4-პუნქტიან გეგმაში , რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვის იდეას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს კვლავ არჩევნების დარღვევების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების გამართვას, თუ კომისია 1%-იან დარღვევას მაინც დაადგენს.

XS
SM
MD
LG