Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, მოუსმინონ ამომრჩევლებს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი. „მე მოვუწოდებ ოპონენტებს, მოუსმინონ საკუთარ ამომრჩევლებს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს", - თქვა დეპუტატმა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ტერმინი რიგგარეშე არჩევნები, როგორც ჩანს, არის ჩვენი ოპონენტების აკვიატება, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი". მისი თქმით, იმ შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები თუ 1%-იანი გაყალბება მაინც დადასტურდება.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას აქციების მოდიფიცირების შესახებ, პაპუაშვილის აზრით, ეს არ არის კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან.

„სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ბლოკირება არის კანონდარღვევა, კანონდარღვევაზე ხელის აღება არანაირ კომპრომისს და კონსტრუქციულობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ გააცნობიერეს, კანონდარღვევა არ შეიძლება", - განმარტა პარლამენტის წევრმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოს სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, -აღნიშნა მან.

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

XS
SM
MD
LG