Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი მთავრობას: „თქვენ დაგვპირდით, რომ დიდ ჰესებს არ ააშენებდით,  მაგიტომ მოგეცით ხმა“


5 მარტს, ცაგერში, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე, იქ ჩასულ მთავრობის წევრებს, მათ შორის, ორ მინისტრს, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთი კითხვა დაუსვა იმ საფრთხეების შესახებ, რაც დიდმა ჰესმა, შესაძლოა, ხეობას მოუტანოს და იმ პასუხისმგებლობაზეც, რაც სახელმწიფომ მშენებელ კომპანიასთან ერთად უნდა აიღოს.

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ნამახვანჰესის რისკები გათვლილია და რომ ეს მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია.

შეკრებილი მოსახლეობა კი მათ ასე პასუხობდა:

  • „თქვენ ოთხი წელი იქნებით და წახვალთ. მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი? შუახევზეც ხომ დადეთ დასკვნა და ხომ ირწმუნებოდით, რომ უსაფრთხო იყო? ხომ დაინგრა ის გვირაბი? როგორ გენდოთ?“
  • „ძალიან გული მწყდება, რომ ეს შეხვედრა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ შეხვედრისთვის გამოგვდის. იმიტომ, რომ ეს შეხვედრა არ არის სიმართლესა და გულწრფელობაზე დაფუძნებული. რადგან სანამ ხეობის დამცველებმა არ მონახეს ძალა და ქუთაისში არ ჩატარდა მრავალათასიანი შეკრება, რატომღაც ხელისუფლებას საერთოდ არ აინტესებდა ადგილობრივი მოსახლეობის აზრი. როცა თქვენ, მინისტრები, აცხადებთ, რომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თურმე თამაშობენ ადგილობრივი მოქალაქეების ნდობაზე, დაასახელეთ, ვინ არიან ეს ჯგუფები? იმიტომ, რომ არავის ჭკუაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ დადის. ქუთაისში მოვიდა ხალხი, ვისაც ამ ქვეყნის სიყვარული ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული“.
  • „ივანიშვილმა დადო პირობა აქ, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა შეჩერდებოდა. ანუ რა გინდათ, რომ საქართველო აქციოთ ერთ დიდ ჰესად? 500 სოფელი დაიცალა უკვე საქართველოში. ყველაფრით შეიძლება ივაჭრო, მაგრამ არა რწმენით და სამშობლოთი“.

ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მართალია, ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მაინც შედეგის მომტანი შეხვედრა.

„რამდენ კითხვაზეც შევძელით, პასუხები გავეცით, მაგრამ შეხვედრებს ამით არ ვასრულებთ, გული დაგვწყდა, რომ დღეს ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ ის ადამიანები, ვინც კარვებში იმყოფებიან. ამიტომ, მე და ლევან დავითაშვილმა გადავწყვიტეთ, ახლა ჩავიდეთ იქ და შევხვდეთ იმ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები შეხვედრის ადგილი და ფორმატი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ისიც თქვა, რომ შესაძლოა, პროცესში მოხდეს პროექტის გარკვეული კორექტირებაც „თუ არგუმენტები იქნება რეალურ პრობლემებზე დამყარებული და არა - არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაზე“.

ეს შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას "ნამახვანჰესზე" სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა.

"ვფიქრობ, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი... პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი", - განაცხადა 4 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG