Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი დაიმუქრა, რომ ნავალნისთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ სანქციებს სანქციებით უპასუხებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

რუსეთმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ აშშ რუსეთის ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ახალი სანქციების შემოღებას აპირებს რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ, მოსკოვიც გეგმავს საპასუხო ზომებს აშშ-ის მოქალაქეთა მიმართ.

„თუ გავითვალისწინებთ, როგორ იქცევა [აშშ] ახლა, როგორ გამოაქვეყნეს [სანქციების] სია, ვფიქრობ, ჩვენც მალე გავაკვირვებთ მათ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 5 მარტს.

2 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების შვიდ წარმომადგენელს მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ „დიდი ალბათობით“ დაასკვნა, რომ აგვისტოში ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს ოფიცრები იყვნენ კავშირში.

მას შემდეგ, რაც მოწამვლის გამო გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, ის აეროპორტში დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ძველი ბრალდებით, რომლისთვისაც მას უკვე ჰქონდა მისჯილი პირობითი პატიმრობა.

გერმანიაში მკურნალობისას ადგილობრივმა და სხვა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ნავალნის დაუდგინეს, რომ ის მოწამლული იყო რუსული წარმოების საბრძოლო ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“.

ნავალნი თავის მოწამვლაში პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

აშშ-ის მიერ სანქციების გამოცხადებას უშუალოდ უსწრებდა წინ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება რუსეთის ოთხი მაღალი რანგის მოხელისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG