Accessibility links

site logo site logo

ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში: საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშსს აქვეყნებს და წერს, რომ ეუთო/ODIHR-ის წინა რეკომენდაციებისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არასათანადო გამოყენება მოჰყვა.

5 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის, კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით:

„მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია.

„ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო საარჩევნო სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეშფოთება არ გამოუთქვამს მისი სიზუსტის შესახებ. ხმის მიცემის ადგილის დროებით გადატანის შესახებ ODHIR-ის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა".

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო.

აქვე ნათქვამია, რომ შეკრებების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე, თუმცა პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

დოკუმენტის თანახმადვე, ჩატარდა აქტიური მედია და ონლაინ კამპანია. ბევრი კანდიდატი ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის იყენებდა სოციალურ ქსელს, თუმცა არსებით საკითხებზე მცირე დისკუსია გაიმართა. ამასთან, ODHIR-ის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ასპექტები უპირატესობას აძლევს უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტად პატარა და ახალი პარტიების საზიანოდ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კამპანიის დაფინანსების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ბოლო შესწორებებით გათვალისწინებული იყო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა კამპანიის დაფინანსების ანგარიშების სანდოობასთან დაკავშირებით და ODHIR-ის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის. ამავე დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობები კამპანიის დაფინანსების ერთიანობის ეფექტიან ზედამხედველობასთან დაკავშირებით შეზღუდული რჩება. პარტიებისა და კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების ზოგადი სისტემა, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, რაც არაპროპორციულად ხელსაყრელია რამდენიმე პარტიისთვის, ასევე შემოწირულობებისა და ხარჯების მაღალი ზღვარი, ხელს უწყობდა არათანაბარ საარჩევნო კონკურენციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მრავალფეროვანი და პლურალისტული მედია გარემო პოლარიზებული იყო პოლიტიკური ხაზისა და ბიზნეს ინტერესების გასწვრივ. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.

„მაშინ როცა ძირითადი კანდიდატები საზოგადოებრივ არხებზე თანაზომადი ოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით იყო უზრუნველყოფილი, ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG