Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" – „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება


ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი, სატელეფონო საუბრისას, კონკრეტული პირების, მათ შორის, ბავშვების დასჯაზე ლაპარაკობენ, რადგან სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებული კომენტარები არ მოეწონათ.

ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით, რომლებსაც აწერია: "BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს".

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს:

"პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის - ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი. ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი“.

TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, მისი თქმით, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ.

სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს“, - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო“.

TV პირველის ეთერში გასული ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, რამდენჯერმე ამოწმებს ანზორ ჩუბინიძესთან, ნამდვილად დასაჯა თუ არა სათანადოდ არასრულწლოვანი, რომელმაც სოციალურ ქსელში მისთვის არასასურველი კომენტარი გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, განიხილავენ სხვა პირების დასჯის ალბათობასაც.

ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილს აქებს: „ყოჩაღ ძმაო, ყოჩაღ, კაცურად მოიქეცი“.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის.

სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG