Accessibility links

site logo site logo

რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც BERA-ს ბოდიში მოუხადა, განმარტებას ავრცელებს


რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც წლების წინ ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფის გამო ბოდიში ვიდეომიმართვაში მოუხადა, განმარტებებს ავრცელებს. რეპერი აღნიშნავს, რომ მიმართვა ვინმეს ძალადობით არ ჩაუწერია და ეს "TV პირველის" ეთერში მოყოლილ ძალადობასთან კავშირში არ ყოფილა.

"კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე... საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!" - წერს სოციალურ ქსელში ნოზაძე.

ის აცხადებს, რომ ვიდეომიმართვა არასრული სახით გავრცელდა:

"თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!"

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰკითხეს პრემიერ-მინისტრს და დაადგინეს, რომ საუბარია 2010 წლის აუდიოჩანაწერებზე. თუმცა ამ აუდიოჩანაწერის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში "მთავარმა არხმა" დაკვირვების შედეგად განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის საუბარი მოქმედი ხელისუფლების დროს ჩაიწერეს, რადგან სიტყვები "ტრიი", რომელსაც ივანიშვილი ახსენებს მისივე სიმღერიდანაა, რომელიც 2017 წელს გახდა საჯარო.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რეპერ ზაზა ნოზაძის საჯარო ბოდიშიც შესაძლოა ბერა ივანიშვილის იძულების შედეგი ყოფილიყო.

ჩანაწერების გავრცელების გამო დღეს, 18 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია "შეაგინე ბერას" დაიგეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG