Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია იმართება


გავრცელებული ჩანაწერების შინაარსის გამო ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია იმართება.

ადგილზე მისულ 30-მდე მოქალაქეს რეზიდენციის შესასვლელთან პოლიციის კორდონი დახვდა.

"ბერას დაცვის პოლიცია გახდით", - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციას.

აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წარწერა "მონა" დატოვეს. იყო ხანმოკლე კონფლიქტიც - პოლიცია მათ უკრძალავდა წარწერების გაკეთებას.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰკითხეს პრემიერ-მინისტრს და დაადგინეს, რომ საუბარია 2010 წლის აუდიოჩანაწერებზე. თუმცა ამ აუდიოჩანაწერის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში "მთავარმა არხმა" დაკვირვების შედეგად განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის საუბარი მოქმედი ხელისუფლების დროს ჩაიწერეს, რადგან სიტყვები "ტრიი", რომელსაც ივანიშვილი ახსენებს, მისივე სიმღერიდანაა, რომელიც 2017 წელს გახდა საჯარო.

ჩანაწერების გავრცელების გამო დღეს, 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია "შეაგინე ბერას" დაიგეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG