Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური გავრცელებულ ჩანაწერებზე: აქამდე გამოძიება ხომ უნდა დაწყებულიყო?!


ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„უკვე აქამდე გამოძიება ხომ უნდა დაწყებულიყო, ელემენტარულად, თუკი „ქართული ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ არ არის ეს ავთენტური და დამონტაჟებულია, ეს მაინც ხომ უნდა დაადგინოს ფორმალურად მაინც პროკურატურამ. ხომ შეიძლება ეს გააკეთონ, მარა არ აკეთებენ ამას, ხოო? ეს არის პრობლემა თავისთავად“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები სამართლებრივად გადაწყდეს:

„ანუ დაიწყოს გამოძიება, დადგინდეს ავთენტურობა, დადგინდეს, რამდენად კანონიერად იქნა მოპოვებული ეს კადრები და ცხადია, თუ უკანონოდ იყო, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა იკვეთება, თუ დადგინდა, რომ ეს ყველაფერი არის ავთენტური, მაშინ რამდენად მასშტაბური იყო ეს ყველაფერი? რამდენად ხშირად ხდებოდა? ეს ადამიანები მაღალჩინოსნები იყვნენ? თანამდებობებზე თუ იყვნენ? ანუ ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ცხადია, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის სტანდარტი მაღალია, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნებოდა ასევე საგამოძიებო კომისია პარლამენტში და პარლამენტი იმსჯელებდა ყველაფერზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ქვეყანაში ინსტიტუტების სათანადოდ ფუნქციონირების შემთხვევაში ასეთი ინციდენტებიც არ მოხდებოდა და არც გავლენიანი ოჯახის წევრები აღმოჩნდებოდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში:

„შეიძლება იგივე გავლენიანი ოჯახის წევრი იყოს, მაგრამ მან იცოდეს, რომ ვისაც არ უნდა უთხრას, ის უბრალოდ ამ დავალებას არ შეასრულებს. და ეს ყველას დაზღვევაა ამ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ცუდ ვითარებაში, დღეს, როდესაც ფაქტიურად მოლოდინი იმისა, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება, არ გვაქვს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს. "ქართული ოცნების" განმარტებით, საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG