Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი ფიქრობს, რომ "პატარა ბერას" გინება დავალებული ჰქონდათ და "არაფერი ცუდი ამას არ მოჰყოლია" 


"ქართული ოცნების" ლიდერს, გია ვოლსკის არ სჯერა, რომ ბერა ივანიშვილის გინების გამო შესაძლოა ვინმე დასჯილიყო. სწორედ ამის გამო აცხადებს, რომ პროკურატურამ "TV პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

"ყველამ ყველაფერი კარგად იცის - დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან და არავინ ამის გამო არ დასჯილა და არაფერი შედეგი ცუდი ამას არავისთვის არ მოუტანია. დღესაც დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას, მას შემდეგ, რაც ჰყავს ოჯახი, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ, ისევ რაღაცა მოიგონონ და ამით არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ვიღაც ჩაუჯდათ მანქანაში და უთხრა, მოდით, რა იქნება, არ შეაგინოთ - ესეც რომ იყოს და ვთქვათ, უთხრას, მივიდეს დაცვის წევრი და მოსინჯოს, ნახოს, არის თუ არა საფრთხის შემცველი იმ ადამიანის გინება და მუქარა, რომელმაც ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და დანაშაულია [ის], რომ არასრულწლოვანს ვინმემ მოუსმინა", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ვოლსკიმ.

კრიტიკული კითხვების გამო მან ამ არხის ჟურნალისტი "ნაციონალურ მოძრაობას" შეადარა:

"თქვენ ისევ თქვენსას მიაჭენებთ. გეუბნებით ჩემს პასუხს და თქვენ არ მოგწონთ. ზუსტად ეგ არის, რასაც ნაცები აკეთებენ..."

ვოლსკის ამ განცხადებას წინ უსწრებდა მისივე თანაპარტიელისა და უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კომენტარი. მდინარაძე აცხადებდა, რომ "არ შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას ამაზე, უნდა დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება".

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG