Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი პირად წარმომადგენელს გზავნის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის


კრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს შესთავაზა საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა, 1 მარტს თბილისში მიშელის ვიზიტის დროს განახლებული პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.

ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ბატონი დანიელსონი იქნება შუამავალი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.“

კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საქართველოში, რათა შეხვედრა გამართოს პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან.

"პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში სრულად ჩაერთონ კოსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რომლებიც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პრო-ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა"- ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი ადრე მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად, ხოლოდ 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი ხელმძღვანელობს ევროკომისიის წარმომადგენლობას შვედეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG