Accessibility links

site logo site logo

ზარქუა TV პირველის ჩანაწერებზე: საქმე უნდა აღიძრას უკანონო მოსმენებზე, გავრცელებასა და მონტაჟზე და არა შინაარსზე


ირაკლი ზარქუა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დეპუტატ ირაკლი ზარქუას განმარტებით, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრების საკითხზე პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე და არა შინაარსზე.

„შინაარსს ახლა თქვენ რომ მელაპარაკებით ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებთ, შეიძლება ვერ გაასწროთ აქედან“, - უთხრა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და პროკურატურა სწორედ ამ ფაბრიკაციის ფაქტით უნდა დაინტერესდეს.

„ის, რაც ხდება, ეს ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან 2010-2011 წლებია როგორც ირკვევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე და საქართველოს მოსახლეობას. ამ ფორმით , ამ შანტაჟით ამ ჩაშვებით, ამ უკანონო მოსმენებით ამ ფაბრიკაციით, დაჭრით, არ გამორიცხოთ ხვალ- ზეგ ვიღაცას თქვენ რომ არ მოეწონებით მაგალითად იმ წინა რეჟიმის წარმომადგენლებს, თქვენც იგივე ჩანაწერს გაგიკეთებთ, დაგიმონტაჟებთ და შემდეგ მოგიწევთ თავის მართლება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. მედიასთან ერთ-ერთ არგუმენტად ჩანაწერების ფაბრიკაციის შესახებ მან მოიტანა ისიც, რომ წინა ხელისუფლებამ მის შინაარსზე საქმე არ აღძრა:

„თუ 2010-11 წლებში, როცა ეს ჩანაწერია გაკეთებული, როგორც ირკვევა, თუ ის შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინ მაშინდელი ხელისუფლება“, - კითხულობს ირაკლი ზარქუა.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG