Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს


შაქარაშვილის საქმის ავოკატები
შაქარაშვილის საქმის ავოკატები

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ გამოტანილ განაჩენს უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მოხდა ერთგვარი გარიგება:

„არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება, არაფერში არ ჯდება ეს გადაწყვეტილება. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, - უთხრა ჟურნალისტებს ბექა ნემსიწვერაძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო, რადგან დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გამოტანილ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობა მიესაჯათ

  • არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
  • ნიკოლოზ რევაზიშვილს - 16 წელი;
  • ვახტანგ ჩიქოვანს - 16 წელი;
  • 2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.

არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, აკაკი ქანაშვილი და ზ.ხ. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

ბრალდების მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, აკაკი ქანაშვილმა და ზ.ხ.-მ, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს, ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მდებარე მოაჯირს გადახტომოდა და ქვევით, მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს, სადაც გიორგი ასფიქსიით, ანუ, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა ხუთივე ბრალდებულს გაამტყუნებდა. ბრალდების მტკიცებით, საქმეში იდო ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანმა ჯგუფურად მოკლა გიორგი შაქარაშვილი.

მტკიცებულებებზე, ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არ იდო არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დანაშაულს დაამტკიცებდა. ისინი ამბობდნენ, რომ თუკი მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, ეს იქნებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის ვარაუდებსა და „საზოგადოების დაკვეთას“ დაეფუძნებოდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG