Accessibility links

site logo site logo

ბერა ივანიშვილი: როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო


ბერა ივანიშვილი

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა, რომელიც მმართველის პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილია, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მხარდაჭერა გამოუცხადა ამიკოს, რომელსაც „TV პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ის ახსენებს. გარდა ამისა, ბერა ივანიშვილი ლაპარაკობს საქართველოში „დედის კულტის" არსებობის შესახებ.

„ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია", - თქვა ბერამ.

მომღერალი აღნიშნავს, რომ მისთვის გასაგებია იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც მისი მისი დედის შესახებ დაწერილ უხამს კომენტარზე რეაგირებენ.

„როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი, რომ ის უახლოესი მეგობარი, ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე, რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივეს ვიზამ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში", - თქვა ბერა ივანიშვილმა.

მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

გარდა ამისა, ამავე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს: „ამიკო მეუბნებოდა, ვაფშე კანკალებდაო, ბერა რომ ელაპარაკებოდა, ის ბავშვი გიჟდებოდაო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG