Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნარიშკინის განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად მიიჩნევს


ვახტანგ მახარობლიშვილი

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელები „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას აპირებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვახტანგ მახარობლიშვილი გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

„საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“, - აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი. მისი თქმით, მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც, მისი თქმით, ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებზე სპეციალურ განცხადებაში საუბრობს. ამ განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ, ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და, ამავდროულად, შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG