Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: არავინ აპირებს „ტვ პირველში“ შეჭრას


საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ ძალის გამოყენების უფლების მიუხედავად, „ტვ პირველში“ შეჭრას სამართალდამცველები არ აპირებენ.

„მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - უთხრეს უწყებაში რადიო თავისუფლებას.

9 მარტის განჩინებაში - რომელიც სამართალდამცველებს ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლებას აძლევს - ასევე, წერია, რომ „საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა“. პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ეს ჩანაწერი და მთლიანად განჩინება სტანდარტული სახისაა.

„ყველა განჩინება ამ სახისაა, მე რაც მინახავს ბუნებაში“, - ამბობს ბაია ცანავა, პროკურატურის პრესსპიკერი.

ცანავა ამბობს, რომ პროკურატურა მოითხოვს როგორც ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობას, ასევე, მასზე ჩაწერილ და რეპორტაჟში გამოყენებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს.

„ვითხოვთ იმ მასალას, რომელიც მათ მიეწოდათ“, - ამბობს ცანავა და ამატებს, რომ გამოძიება აპირებს დანიშნოს ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით.

ჩანაწერებზე მოკლედ

„ტვ პირველის“ ეთერში, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ სასამართლოსგან უფლება მიიღო, ტელეკომპანიიდან ამოიღოს:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

„ტვ პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი ტვ „იმედთან“ ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც“.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG