Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა აცხადებს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მოწყობილობა, რომელიც მოსთხოვეს


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადებას თავად უწყებამ გაავრცელა.

"საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ "ტელეკომპანია პირველი" ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "TV პირველს" თავად შეუძლია მიიტანოს საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

პროკურატურა ახლა უკვე სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყება არ აპირებს "TV პირველში" ძალის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG