Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს განმარტებით, განჩინებაში გამოყენებული „დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას"


„ტვ პირველის" შესახებ გამოტანილი განჩინების საკითხს განმარტავს თბილისის საქალაქო სასამართლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა", - აცხადებს სასამართლო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განჩინებაში გამოიყენეს სტანდარტული ფორმა, რომელიც ეხება იძულების პროპორციული ზომის გამოყენებას.

„გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

განჩინება ასევე განმარტა გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მოწყობილობა, რომელიც მოსთხოვეს.

დღეს, 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG