Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე.

„დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე.

ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო“, - აცხადებს მდინარაძე.

დეპუტატი დასკვნაზე დაყრდნობით აფასებს არჩევნების შედეგებს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!

დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიამ საბოლოო ანგარიში დღეს, 11 მარტს, გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG