Accessibility links

site logo site logo

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის, „ევროვიზიის“ ორგანიზატორები ბელარუსს თხოვენ, შეცვალოს სიმღერა


ჯგუფ Galasy ZMesta-ს გამოსვლა

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის, „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა ბელარუსს მიმართეს თხოვნით, შეცვალოს მისი წარმომადგენლის სიმღერის ტექსტი, რომელიც უნდა შესრულდეს როტერდამში.

„ბელტელერადიოკომპანიას“ კონკურსის ორგანიზატორები მიმართავენ, რომ სიმღერის ახლანდელი ფორმით „ეჭვქვეშ დგება კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი“.

საქმე ეხება ჯგუფ „გალასი ზმესტა-ს“ კომპოზიციას სახელწოდებით, „მე შენ გასწავლი.“ მისამღერი ასე ჟღერს: „მე შენ გასწავლი მუსიკაზე ცეკვას... მე შენ გასწავლი სწორად სიარულს, ყველაფრით კმაყოფილი იქნები, შენ თვითონ იქნები კარგად“. ბევრმა ამ სიმღერის ტექსტში დაინახა პოლიტიკური სარჩული და ვარაუდობენ, რომ ის მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.

რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, ადრე ამ ჯგუფმა შექმნა სატირული სიმღერები ოპოზიციის ლიდერებზე, სვეტლანა ციხანოუსკაიასა და პავლე ლატუშკოზე, ასევე მარია კალესნიკავაზე.

არ არის ცნობილი, რა პრინციპით და როდის იქნა შერჩეული ჯგუფი „ევროვიზიის კონკურსში“ მონაწილეობისთვის.

ჯგუფ „გალასი ზმესტას“ ლიდერმა, დმიტრი ბუტაკოვმა არ გამორიცხა, რომ ჯგუფი უარს იტყვის კონკურსში გამოსვლაზე.

„ევროვიზიის“ კონკურსი წელს როტერდამში უნდა ჩატარდეს მაისის ბოლოს. მასში მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყანა.

შარშან აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკამ გამოაცხადა თავი გამარჯვებულად და რომლის შედეგებსაც ოპოზიცია და დასავლეთი არ აღიარებენ, ბელარუსის ქალაქებში იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც სასტიკად ახშობს ხელისუფლება. ათასობით ადამიანი დაპატიმრებულია, რამდენიმე დაიღუპა დემონსტრაციების დროს. ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა საპატიმროშია, არაერთი მათგანი ემიგრაციაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG