Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრებმა "ნამახვანჰესზე" გამართული შეხვედრა კითხვებზე პასუხგაუცემლად დატოვეს


ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქუთაისში "ნამხვანჰესის" შესახებ გამართული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ ამ ხეობის მცველებს, რომლებიც აქციებს 130 დღეზე მეტი ხანია მართავენ, კითხვებზე არ უპასუხეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ მოატყუა.

შეხვედრაზე, რომელიც დაანონსებული იყო, ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე სიახლე გააცნო აქციის მონაწილებს. მათ შორის ითქვა, რომ ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ეროვნებით თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა კი რიგი კვლევების გადამოწმებამდე არ დაიწყებოდა.

სიახლეების გაცნობის შემდეგ მათ დარბაზი ჟურნალისტებისთვის კომენტარების მიცემის მოტივით დატოვეს. აქციის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა უთხრა, რომ კითხვებს წარმომადგენლები უპასუხებდნენ. თუმცა გაირკვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი შეხვედრას აღარ ესწრებოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება კომპანიის დირექტორი.

"ეტყობა, წინაზე ქსენოფობიამ გაიჟღერა და ქსენოფობია რომ არ იყოს, ქართველი დირექტორი დანიშნეს. ჩვენ რას გვიწყვეტს, იქ ქართველი იქნება დირექტორი თუ არა... პირიქით, იმ თურქისგან გამიკვირდა, სხვა დროს ყოველთვის კორექტულად იქცევიან, ნერვებმა უმტყუნა, თორემ დანარჩენ შემთხვევაში სულ ქართველებთან გვაქვს საქმე და ნამდვილად არ გამოირჩევნიან მაღალი ზნეობრივი დამოკიდებულებით მოსახლეობასთან", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიტა მუსელიანმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ამ ეტაპზე ისედაც არ იგეგმებოდა და ახლა, კვლევების გადამოწმების პერიოდშიც კი, ჰესის მშენებლობის პროცესის შეჩერება არ იგეგმება.

დღეს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თურნავამ თქვა, რომ ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე ჰესის კაშხალი და წყალსაცავი არ აშენდება. თუმცა რიონის ხეობის მცველებისთვის ეს საკითხი მიუღებელია.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 137 დღეა გრძელდება - 137 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ მათ მთავრობის წევრები შეხვდნენ და დიალოგს დაჰპირდნენ.

XS
SM
MD
LG