Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ჩანაწერებით


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების დროს დაგეგმილად დაიწყო უარყოფითი საინფორმაციო კამპანია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამის უკან დგას ადამიანთა ის ჯგუფი, ვინც საზოგადოებაში ავრცელებს ზიზღს და ამავე კონტექსტში ახსენა მიხეილ სააკაშვილის გუნდი.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ან მათი კომპრომეტაცია ჩანაწერებით. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იმ შემთხვევებში, როცა ასეთი პრეტენზიები იყო, ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირებები, რაც შესაძლებელი იყო და რის საშუალებასაც იძლევა ელექტრონული ჩანაწერები", - თქვა თალაკვაძემ.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც". ღარიბაშვილმა ამ ჩანაწერს, 6 დღის შემდეგ, ფალსიფიცირებული უწოდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

საქართველოში ფარული ჩანაწერები არაერთხელ გასაჯაროებულა. მათ შორის ერთ-ერთი შემთხვევა იყო რამდენიმე წლის წინ, როცა პარლამენტის მოქმედი ქალი დეპუტატის წინააღმდეგ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით. ის ამბობს, რომ მისი საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG