Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩის" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის", "პატრიოტთა ალიანსის", "ლეიბორისტული პარტიისა" და "მოქალაქეების" წარმომადგენლები დანიელსონს ესაუბრნენ ოპიზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების შესაძლებლობებზე და განიხილეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მიღებული 6-პუნქტიანი ჩარჩოდოკუმენტი.

"ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ, რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება", - თქვა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ ამ ხედვით, შუამავალი დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები.

„წინასწარ არ შევიქმნი პოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად კომპრომისებზე მოვა საერთო შეხვედრაზე. ხვალ საღამოს გვეცოდინება, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება. 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული, რომლის შემდეგაც, კვირას საღამოს ან ორშაბათს გამთენიისას გვექნება ნათელი სურათი, შეთანხმების გზით მივდივართ თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ კონსტრუქციული შეთანხმებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც, და კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რიგგარეშე არჩევნების გარეშე შეთანხმების მიღწევა, აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლა არჩევნების გარეშე შეუძლებელია.

„ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან. ქვეყანა არის გაჩერებული, ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისში, ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩევნები, ქვეყანას სჭირდება კონკრეტული, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს მედიაციას მხარეებს შორის და, როგორც ოპოზიცია აანონსებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს გუშინ ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში.

XS
SM
MD
LG