Accessibility links

site logo site logo

საქართველო 22 მარტიდან მიიღებს 14,5 ათასი ადამიანისთვის სამყოფ Pfizer-ის ვაქცინას


„საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის ასაცრელ დოზებს დაახლოებით 22 მარტის კვირაში მიიღებს“, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ამ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.


„43 200 AstraZeneca-ს ვაქცინას დაემატება ასევე Pfizer-ის ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, ანუ მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი ორჯერადი აცრისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის თქმითაც, ვაქცინაციისთვის ვიზიტი უკვე დაჯავშნა 1 449 მედპერსონალმა.


ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი: ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ. ყველა ადმინისტრაციული მუშაკი.


თამარ გაბუნიას თქმით, აპრილის თვეში ქვეყანა ასევე გარანტირებულად მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 86 000 დოზას.


„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი რაოდენობა დოზების, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი AstraZeneca-სი და Pfizer-ის ვაქცინით. Pfizer-ის დოზები გაიყოფა, 29 000 დოზა, და მოხდება მისი შენახვა იმისთვის, რომ 14 500 ადამიანი ასევე მეორე დოზითაც აიცრას Pfizer-ით. ხვალიდან უკვე ვიწყებთ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG