Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: "დიალოგი გაგრძელდება"


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ.

„შეხვედრები დღეს დასრულებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, - „ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიყავს მას დიალოგის პროცესი, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, მომდევნო პერიოდში გაგრძელდება დიალოგი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, დისკუსია გაგრძელდება პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც:

"გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“.

14 მარტს, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.


შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG