Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ექიმებს მიმართავს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

იმუნოლოგი ექიმებს აცრისკენ მოუწოდებს.

„თითოეულ თქვენგანს, ყველა ჩემს კოლეგას, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას", - ამირან გამყრელიძის მიმართვას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „ფეისბუკის" გვერდი.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების ღვაწლი ფასდაუდებელია, რომელთაც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ ამ უხილავ და ვერაგ მტერთან ბრძოლა. „მინდა თითოეული თქვენგანის წინაშე ქედი მოვიხარო და ყოველ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა გაწეული შრომის, პროფესიული თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის", - მიმართავს ექიმებს გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე მიუთითებს, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი აღემატება 275 ათასს. მისი განცხადებით, დაინფიცირებულთა 97% გამოჯანმრთელდა, მაგრამ, სამწუხაროდ ამ დაავადებას შეეწირა 3 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ხოლო ადამიანთა ნაწილში გამოჯანმრთელების მიუხედავად, ამ დაავადებამ გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ცვლილებები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემაა ასევე, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისათვის არსებული შეზღუდვების გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე.

„საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი დაავადების გამო მისი რიგები სამწუხაროდ დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა ჩვენმა კოლეგამ", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში დღეს, 15 მარტს, დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია. ვაქცინის პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში უკვე გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის იქნება შესაძლებელი ქვეყანაში საჭირო დოზების შემოტანა.

XS
SM
MD
LG