Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ვამტკიცებდით იმას რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT-ი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ილაპარაკა კრისტიან დანიელსენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ის ოპოზიციის ზოგ წარმომადგენელს კრიმინალს უწოდებს.

„ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT-ი (ხმების პარალელური დათვლა) და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე პოლიტიკური პარტია დაახასიათა.

„იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის არაერთი პუნქტი. ამ შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ოპოზიცია არის მათი შემოსვლა პარლამენტში. არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას. თან, როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან. „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ მისი განშტოებაა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს“, - აცხადებს კობახიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც აგრძელებს.
XS
SM
MD
LG