Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა


ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეპ ბორელი
ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეპ ბორელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გაიმართა, ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. აღინიშნა პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

„ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

აღინიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და დგამს ყველა ნაბიჯს, რათა ქვეყანა ამისთვის მზად იყოს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე, შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირისთვის ამ საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს დიალოგის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და უკანონო პატიმრობის ფაქტებზე.

დღეს, 16 მარტს, ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG