Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2" და PrimeTime ერთ ჰოლდინგში ერთიანდება


ფოტოარქივი: რუსთავი 2-ის შენობა, 2 ოქტომბერი, 2015 წ.
ფოტოარქივი: რუსთავი 2-ის შენობა, 2 ოქტომბერი, 2015 წ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ ტაიმი" ერთიანდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორივე მედიასაშუალების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. "რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალია და "პრაიმ ტაიმის" დირექტორი თაკო ფხაკაძე ამბობენ, რომ მათი მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა.

"გაერთიანების მიზანი არის, რომ პროცესები უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ორივემ. "რუსთავი 2"-ს სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ მოხდეს ძველი პოზიციების დაბრუნება. დაგეგმილია გარკვეული ამოცანები, რომლის შესრულებაზეც ვმუშაობთ, დაწყებული გვაქვს რეორგანიზაცია", - უთხრა სალიამ რადიო თავისუფლებას.

ახალ ჰოლდინგში როგორ გადანაწილდება წილები, ჯერ უცნობია.

სალიას რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, ამ ახალი ჰოლდინგის შექმნით ხომ არ შეიცვლებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში შეახსენა.

"საარჩევნო პერიოდში primetime.ge-ზე ცხადად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა", - ეწერა ანგარიშში.

სალია ამბობს, რომ ახლა არხს სწორი სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ეს არ შეიცვლება.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. როგორც არხის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ რეორგანიზაციის პროცესში მათთან დაბრუნდნენ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. მათ ეს არხი 2017 წელს დატოვეს, მანამდე კი აკეთებდნენ რამდენიმე პროექტს: "ნიჭიერი", "X ფაქტორი" და ა.შ.

ინფორმაცია ახალი ჰოლდინგის შექმნის შესახებ პირველად On.ge-მ გაავრცელა.

XS
SM
MD
LG