Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს NATO-ს“ — იენს სტოლტენბერგი


საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი მდგომარეობა აღელვებს NATO-ს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ახლო პარტნიორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ რთული დისკუსიებისგან თავს არ ვიკავებთ. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზითა და დამყოფი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის შეკავებას. ნატო მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, რომ იმუშაოთ ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოთ საერთო ენა და საერთო გამოსავალი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

17 მარტს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა. დღესვე ჩანიშნულია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბელგიის დედაქალაქში 15 მარტიდან იმყოფება. ის შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის. 16 მარტს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.

ევროკავშირის მედიაციის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG