Accessibility links

site logo site logo

IAEA: ირანმა დაიწყო ურანის გამდიდრება მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების კასკადით


ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ რეაქტორში ურანის გამდიდრება დაიწყო მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების კასკადის გამოყენებით. ეს თეირანის მიერ 2015 წლის შეთანხმების დარღვევის უკანასკნელი შემთხვევაა.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 17 მარტს განაცხადა, რომ ორი დღის წინ სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ წევრ ქვეყნებს შეატყობინა, რომ ირანი ამჟამად უფრო სწრაფ IR-4 ცენტრიფუგებს იყენებს ურანის გასამდიდრებლად 5%-იანი სისუფთავის მისაღწევად.

მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება არღვევს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული გარიგების პირობებს, რომლის თანახმადაც, ირანს უფლება აქვს მხოლოდ პირველი თაობის IR-1 ცენტრიფუგებით გაამდიდროს ურანი.

გასული წლის ივლისში ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აფეთქების შემდეგ, რომელიც, ირანის თანახმად, საბოტაჟის შედეგი იყო, ქვეყანამ დაიწყო ცენტრიფუგების მაღალტექნოლოგიური მოდელების მიწისქვეშ ჩატანა.

გროსის თქმით, ირანი გეგმავს IR-4 ცენტრიფუგების მეორე კასკადის მოწყობას, მაგრამ პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

მას შემდეგ, რაც აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით 2018 წელს ცალმხრივი წესით გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებიდან, თეირანი ეტაპობრივად არღვევს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG