Accessibility links

site logo site logo

ტიკარაძე ამბობს, რომ ილია მეორეს ვაქცინაციის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ პატრიარქს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და რა დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის... შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება", თქვა ტიკარაძემ.

მან აღნიშნა, რომ მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია კოვიდპანდემიას და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება გადადგმული მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.

"ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბის ტარებას და ამის მეტად მოწოდებას, როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებებში".

გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის "პროპაგანდა" არა ეკლესიის, არამედ ექიმების საქმეა. ასე გამოეხმაურა ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდებას სინოდის გვერდში დადგომასთან დაკავშირებით.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში... ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა ჯაღმაიძემ "ფეისბუკზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG