Accessibility links

site logo site logo

საშიში ნაპრალი ლისის ქედზე - რატომ გასკდა მიწა თბილისში 


თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე,  პირველადი შეფასებით, 19 მეტრია, დაძრული უნდა იყოს დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწა. გეოლოგები  ამბობენ, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ქედი, სეისმურად არამდგრადია და სიფრთხილეა საჭიროა.

აქ მეწყრული პროცესები ბუნებრივად აქტიურია, თუმცა ადამიანის ჩართულობა, რომელიც რიგ შემთხვევებში რისკების შეფასების და დაზღვევის გარეშე ხდება, პროცესს აჩქარებს და მასშტაბებს უზრდის.

იმ ადგილის ქვემოთ, სადაც მთას ნაპრალი გაუჩნდა, მერიას ახალი გზა გაჰყავს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად შენდება საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობები მთის ქედზე, ნაპრალის სიახლოვეს. მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ საცხოვრებელი ნაგებობები თითქმის არ არის, თავად ქუჩაზეა რამდენიმე კორპუსი, თუმცა ისინი შედარებით ქვემოთ არის, ვიდრე ქედზე გაჩენილი ნაპრალი. მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ არის ფერდობი, მარშალ გელოვანის გზატკეცილი, სანაპირო და ბოლოს, მდინარე მტკვარი.

18 მარტს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზები ჯერ უცნობია, მაგრამ გამორიცხა გზის სამუშაოებთან ამ პროცესის დაკავშირება. მერი ამბობს, რომ პროცესები წლებია მიმდინარეობდა, ორშაბათს კი თბილისში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვლენ ვითარების ადგილზე შესასწავლად. გარდა კვლევისა, რა იგეგმება ამ საფრთის გასანეიტრალებლად, უცნობია. გეოლოგები ამბობენ, რომ ჯებირი, რომელსაც მერია ფერდობის ქვემოთ აშენებს, მიწის მასას ჩამოშლის შემთხვევაში ვერ დაიჭერს და გამოსავალს ვერც ფერდის მოჭრაში ხედავენ - მეწყერსაშიშ ზონაში ეს შეიძლება სხვა პროცესების ტრიგერად იქცეს.

ნაპრალის ქვემოთ თეთრი ხაზი არის ჯებირი, რომელიც მიწის დიდ მასას, ჩამოშლის შემთხვევაში, ვერ შეაკავებს
ნაპრალის ქვემოთ თეთრი ხაზი არის ჯებირი, რომელიც მიწის დიდ მასას, ჩამოშლის შემთხვევაში, ვერ შეაკავებს

„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღეს მედიას უთხრა, რომ, სპეციალისტების რეკომენდაციით, მეწყრული პროცესების მონიტორინგი აუცილებელია და დაკვირვება პირველი წუთიდან მიმდინარეობს.

„არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში ჩაკეტილიყო მაჭავარიანის ქუჩა, რაც რამდენიმე დღის წინ მერიამ მოსახლეობას შეატყობინა და ქუჩა გადაკეტა. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყერული პროცესების მონიტორინგი. რაც უკვე მიმდინარეობს პირველივე წუთიდან. ასევე მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და სწორედ ამის შემდგომ განხორციელდეს სამუშაოები”, - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

მეწყრის გარშემო ბოლო პერიოდის ქრონოლოგია ასეთია:

სავარაუდოდ მარტის დასაწყისში ქალაქის მთავრობისთვის ცნობილი გახდა, რომ ქედზე მეწყრული პროცესები აქტიურდებოდა, ვითარების შესასწავლად გაუშვეს სპეციალისტები, რომლებმაც ის ადგილები, სადაც მიწის დაძვრის საფრთხე არსებობდა, დანიშნეს. დღეს გაჩენილი ნაპრალები ამ მარკერებს ზოგან მიჰყვება, ზოგან ცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სწრაფად ვითარდება და მასშტაბი მზარდია.

თბილისის მერიამ ორი დღის წინ თქვა, რომ საფრთხე არსებობდა და 16 მარტიდან ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა - ეს არის ქუჩა, რომელიც ნაპრალგაჩენილი მთის ქვემოთ გადის.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა”, - ნათქვამი იყო განცხადებაში. „გარკვეულ მოქმედებებში” ამ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში შეცვლილი წყლის და წყალარინების მილები იგულისხმება. ამ სისტემის გამოცვლაზე საუბრისას კახა კალაძემ 19 თებერვლის ფეისბუკ ჩართვაშიც ილაპარაკა. ამ ჩართვისას ის აღნიშნავს, რომ ეს ადგილი მეწყერსაშიშ ზონაშია - თუმცა რისკის ზონად გზის ქვემოთ მდებარე ტერიტორიას ასახელებს და არა ქედს.

17 მარტს, გვიან საღამოს თბილისის ფორუმზე გამოჩნდა აეროგადაღების კამერით გადაღებული კადრები, სადაც კარგად ჩანდა ნაპრალის სიღრმე, სიგრძე და მასშტაბი.

18 მარტს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევრებმა ადგილზე დათვალიერების შედეგად თქვეს, რომ პროცესი შეუქცევადია და ახლა მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა ხდება მეზობელ ფერდობებზე და ხომ არ ემუქრება მოსახლეობას საფრთხე. წვიმა და სამშენებლო ვიბრაცია მეწყრის გააქტიურებას სავარაუდოდ დააჩქარებს, ინსტიტუტს არ აქვს რესურსი, გააკეთოს მოდელირება, როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები მეწყრის გააქტიურების შემთხვევაში. შესაბამისად, მეცნიერებს ამ დროს არ შეუძლიათ იმის თქმა, რა სისწრაფით შეიძლება ღრმავდებოდეს ნაპრალები, როდის შეიძლება ის დაიძრას და რამხელა იქნება ზიანი, რასაც მისი ჩამოწოლა მოიტანს.

18 მარტსვე თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მაჭავარიანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება - გზის სამუშაოები დღის განმავლობაში ნაპრალიანი მთის ქვემოთ გაჩერებული არ იყო.

გელოვანი-მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა თბილისის მერიამ 2019 წლის ივლისში დაიწყო. დაახლოებით ორი კილომეტრის ოთხზოლიანი ბეტონის გზის მშენებლობა 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზეც კი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, ფერდობი მაჭავარიანის ქუჩის თავზე, სადაც ინტენსიური მშენებლობების ნებართვებია გაცემული და მიმდინარეობს კიდეც აქტიური განაშენიანება, საშუალო და ნაწილობრივ მაღალი საფრთხის გეოდინამიკურ არეალად არის მონიშნული.

წითლად მონიშნულია მაღალი გეოლოგიური საფრთხის ზონები, ყვითლად საშუალო სიმძიმის საფრთხის ზონები, მწვანე ფერით უსაფრთხო ტერიტორიაა აღნიშნული
წითლად მონიშნულია მაღალი გეოლოგიური საფრთხის ზონები, ყვითლად საშუალო სიმძიმის საფრთხის ზონები, მწვანე ფერით უსაფრთხო ტერიტორიაა აღნიშნული
„გეოლოგები, დარგის სპეციალისტები და არქიტექტორები წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალაქის მართვა ხდება გაუაზრებლად იმდენად, რომ დედაქალაქის მერია ვერ იცავს ვერც განაშენიანებას, ვერც ლანდშაფტს და ვერც მოქალაქეებს. სწორედ ეს გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკა ანგრევს თბილისს. საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ჩარევა ბუნებრივ პროცესებში, თუ ის არ ეყრდნობა ძალიან დიდი სიზუსტით შესრულებულ საპროექტო და კვლევით სამუშაოებს.

ჩვენს რეალობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება ისე, რომ ხშირად არ არსებობს შესაბამისი კვლევები და მასალები, რომელიც პროექტისთვის მზადდება, ზოგჯერ მხოლოდ ფორმალური შინაარსისაა. სამწუხაროდ, გახშირდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე თვალის დახუჭვის შემთხვევებიც, რაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან ნებისმიერი თვალის დახუჭვა შეიძლება ქალაქს მორიგ ტრაგედიად დაუჯდეს.

არ შეიძლება, მუდმივად ხანძრისქრობის რეჟიმში ვიყოთ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევებზე, მეწყრებზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგად შექმნილ პრობლემებზე ვრეაგირებდეთ”, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრი, არქიტექტორი, ანა ბიბილაშვილი მეწყრული პროცესების გააქტიურებას.

„ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო”, - ახსენებდა თბილისის მერის მოადგილე დღეს მოსახლეობას.

გზის სამშენებლო მოედანი და ნაპრალი მთის ქედზე
გზის სამშენებლო მოედანი და ნაპრალი მთის ქედზე

გასული 10 წლის განმავლობაში იმ ადგილის ირგვლივ, სადაც დღეს მეწყრული პროცესები გააქტიურდა, განაშენიანება ასე იცვლებოდა.

ეს სატელიტური ფოტო 2010 წლის მდგომარეობას ასახავს, მთის ფერდი თითქმის არ არის განაშენიანებული
ეს სატელიტური ფოტო 2010 წლის მდგომარეობას ასახავს, მთის ფერდი თითქმის არ არის განაშენიანებული
ეს კი 2020 წლის მდგომარეობაა იმავე ადგილას.
ეს კი 2020 წლის მდგომარეობაა იმავე ადგილას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG