Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილი გარდაიცვალა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისმა რძალმა, თათია ადიკაშვილმა მიაწოდა.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს.

დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ ის ვერ ეგუებოდა ოკუპაციას. ის უარს არ ამბობდა საქართველოს მოქალაქეობაზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლიდა.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულა.

სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG