Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, როცა ამ ქვეყნიდან ჯარის გაყვანის ვადა ახლოვდება


21 მარტს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ქაბულში ჩაფრინდა. ეს მისი, როგორც პენტაგონის ხელმძღვანელის, პირველი ვიზიტია ავღანეთში. ოსტინის გამოუცხადებელი ვიზიტი ავღანეთში იმართება ამ ქვეყნიდან დასავლეთის ჯარის გაყვანის ვადის გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, რაც თალიბანთან აშშ-ის მიერ მიღწეული შეთანხმების პირობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის "რთული" იქნებოდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 1 მაისის ვადისთვის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე იქნა დადგენილი.

ბაიდენმა განაცხადა, რომ დადგენილმა ვადამ რომც გადაიწიოს, ის "დიდად არ გახანგრძლივდება".

ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან მოლაპარაკების შემდეგ, ოსტინმა უარი თქვა, ჯარის გაყვანის ვადაზე კომენტარი გაეკეთებინა: „ეს ჩემი უფროსის სფეროა“, თქვა მან, „ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა (ბაიდენმა) უნდა მიიღოს დროის რომელიმე მომენტში იმის მიხედვით, თუ როგორ სურს ამ საკითხს მომავალში მიუდგეს“, თქვა ოსტინმა.

თალიბანმა 19 მარტს გააფრთხილა მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი დადგენილ ვადებში არ ჩაეტეოდა.

სუჰაილ შაჰინმა, თალიბანის გუნდის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ აშშ-ის ჯარები 1 მაისის შემდეგაც დარჩება, "ეს, გარკვეულად, შეთანხმების დარღვევა იქნება. ეს დარღვევა ჩვენი მხრიდან არ არის... მათი მხრიდან დარღვევას რეაქცია მოჰყვება".

ავღანეთის ხელისუფლება თალიბანს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ძალიან ცოტა გააკეთეს ძალადობის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ყატარში, სექტემბერში, შიდაავღანური მოლაპარაკებები დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG