გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ მხარეს შეუშვეს გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ნათესავების და ახლობლების ნაწილი. ისინი დილიდან იმყოფებოდნენ მავთულხლართებთან, ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში და „საზღვარზე“ გადასვლის ნებართვას ელოდებოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგელებთან კომუნიკაცია ჰქონდათ, რათა დათა ვანიშვილის ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცემოდათ.
დათა ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი აცხადებდა, რომ მას ასეთი ნებართვა უკვე ჰქონდა.
საკუთარი სახლიდან დათა ვანიშვილის გამოსვენება 15:00 საათისთვის იგეგმება. მას ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში დათა ვანიშვილი ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა, მეორე ნაწილში კი ნაკვეთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდა. დათა ვანიშვილი რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.