Accessibility links

site logo site logo

„ქალთა მოძრაობა" ანა დოლიძის პირადი ცხოვრების თვალთვალის შესახებ ცნობას ეხმაურება


ანა დოლიძე

21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება „ქალთა მოძრაობა".

„ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვამს გარკვეულ ეჭვებს. ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინაზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობა" მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს დაიწყოს გამოძიება, გამოკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში იყოს ანა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება.

„ქალთა მოძრაობა" სრულ სოლიდარობას უცხადებს ანა დოლიძეს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელმა ივანე გულაშვილთან, რომელსაც, მისივე თქმით, ევალებოდა სახლებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, ერთ-ერთი, ვისი კადრებიც ჩაწერეს, იყო მოძრაობა „ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე. ტელეარხის ცნობით, გულაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს 2019 წელს. ის ეთერში გავიდა 21 მარტს, მას შემდეგ, რაც გულაშვილი დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG