Accessibility links

site logo site logo

თენგიზ ცერცვაძის თქმით, არის ორი გზა - ვაქცინაციის ან შეზღუდვების შემოღების


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები დღეს ორი არჩევანის წინაშე დგანან - ან მასობრივი ვაქცინაცია, ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმის დაძლევა და პირბადის ტარება, ან სკეპტიციზმის შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებულ შეზღუდვებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"გვაქვს ორი პერსპექტვა - ეს არის ის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, კიდევ უფრო შემცირდება გარდაცვალების რიცხვი და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის „კომენდანტის საათის“. ბიზნესი იქნება ღია, ეკონომიკა იქნება ღია, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. მერწმუნეთ, რეცესიის შემდეგ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც იყო გასულ წელს. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა სკეპტიციზმზე ვაქცინის მიმართ, პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, ეს არის - გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ინფრასტრუქტურის და ქვეყანაში არსებული ვაქცინების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დღეში 3-4 ათასი აცრის გაკეთება, რაც ვერ ხერხდება.

"იცით, რომ ხვალ „ფაიზერი“ შემოდის. გარდა ამისა, მასობრივად უნდა დავუბრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ხვალიდან, 25 მარტიდან უნდა დაიწყოს. დღეს საქართველო ელოდება 29 250 დოზას, რომელსაც პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიტანენ და შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში გაანაწილებენ. ამ ვაქცინას -70 გრადუსზე შენახვა სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4, ბათუმის 1 და ქუთაისის 2 კლინიკაში.

ხვალიდან ასაცრელად დარეგისტრირებას შეძლებენ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 მარტისთვის აცრილია 4048 ადამიანი.

ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შენელდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანს აცრიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი და მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

23 მარტს, ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ვიდეოკამერების წინ გაიკეთა საჩხერის კლინიკაში. ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG