Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერის მოადგილე: პირველი ამოცანაა ამ ფერდს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა


თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერავ გაფრინდაშვილი დღეს ვაშლიჯვრის მეწყერის გამო შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და გერმანელ ინჟინერ გეოლოგებთან ერთად კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ვაშლიჯვრის მეწყერის სიახლოვეს. ირაკლი ბენდელიანის თქმით, უკვე არსებობს პირველადი გეგმა და პროექტის მონახაზი, რომელიც იმ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნებს.

"ჩვენი პირველი ამოცანაა ამ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეყწრის გადაადგილება.

წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილას, შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი. რაც იმას ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს პრინციპი გამოყენებული გვაქვს შეშელიძის მეწყერთან, წყნეთი-ბეთანიის გზაზე" - თქვა ირაკლი ბენდელიანმა. წყნეთ-ბეთანიის გზაზეც და შეშელიძის ქუჩაზეც გერმანელი სპეციალისტების იგივე ორგანიზაცია მუშაობდა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ვინც ახლა მოიწვია მერიამ ვაშლიჯვარის მეწყერის გადასატანად.

ბენდელიანის თქმით, სამუშაოებს მეწყრულ ფერდის ბინებრივ მდგომარეობაში დასაბრუნებლად უახლოეს მომავალში დაიწყებენ, თუმცა იმის თქმა, როდის დასრულდება ეს პროცესი, ამ დროისთვის შეუძლებელია. ქალაქის მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და ევაკუაციის საჭიროება მახლობელი ტერიტორიებიდან არ არსებობს, თუმცა ასევე არ არის გამორიცხული, რომ მეწყრული სხეული არ ჩამოიშლება.

"გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს, გაცილებით დიდი მეწყერები ახსოვს ჩვენს ქალაქს და იცით, რომ ყოველთვის იყო ეფექტური ღონისძიებები დაგეგმილი და მომავალშიც ასე იქნება" - თქვა ირაკლი ბენდელიანმა და დაამატა ისიც, რომ სპეციალური მონიტორინგის სისტემას ლისის ფერდობის კვლევისთვის თბილისში მომდევნო კვირას ჩამოიტანენ და დაამონტაჟებენ. თბილისის მერია მას შემდეგ, რაც ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ გახდა ცნობილი, ამბობს, რომ პროცესს აკვირდება და სწავლობს პირველი დღიდან, დამოუკიდებელი სპეციალისტები მთის ფერდზე ნაპრალების გაჩენას დაახლოებით 25 დღის წინ ვარაუდობენ. ლისის ქედი ქალაქის რუკაზე წითელ ზონად არის მონიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გეოლოგიურად მაღალი რისკის ზონაა და სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ სპეციალური კვლევების შემდეგ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით შეიძლება განიხილებოდეს დასაშვებად.

"გერმანელმა კოლეგებმა წარმოადგინეს დამცავი ღონისძიებების გასატარებელი პორექტის წინასწარი ვარიანტი. ასევე აღნიშნეს, რომ პრაქტიკულად იდენტურია შეფასებითი ნაწილი მეწყრის გენეზისის, ტიპის, საფრთხის, რაც ქართველ გეოლოგებს ჰქონდათ მიწოდებული, რაც ქართველ სპეციალისტებს ჰქონდათ მიწოდებული. ამის შემდეგ მოხდება წარმოდგენილი პროექტის მცირედით კორექტირება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები" - ეს განცხადება მედიასთან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, მერაბ გაფრინდაშვილმა თქვა.

დღესვე შედგა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკველვარებსა და მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებს შორის. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დაწერა ფეისბუქზე, ისინი "საერთო ენაზე ლაპარაკობენ". დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის ცნობები გაცვალეს ერთმანეთში და რა მდგომარეობაა ახლა ქართველი სპეციალისტების დაკვირვებით ვაშლიჯვარში, ლისის დამეწყრილ ფერდზე, დაახლოებით 1 საათში გახდება ცნობილი. თეა გოდოლაძე ინსტიტუტის შენობაში მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG