Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრს "ასტრაზენეკას“ მიმართ მოქალაქეთა ნდობის გაზრდის იმედი აქვს


საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის და ამ და AsrtaZeneca-ს ვაქცინას შორის არჩევანის შესაძლებლობის შემდეგ გაიზარდა ასაცრელად დარეგისტრირების მაჩვენებელი.

ჯანდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ მოქალაქეების ნდობა გაიზრდება AsrtaZeneca-ს ვაქცინის მიმართაც.

„რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა“, - უთხრა მედიას ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც გურიაში იმყოფება ადგილობრივ მედიკოსებთან შესახვედრად.

მინისტრი დარწუნებულია, რომ პასუხი გაეცემა ახალციხელი ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას. ტიკარაძის განცხადებით, ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მისცემთ საშუალებას, მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა და „ასტრაზენეკას“ მიმართ მოქალაქეების ნდობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამჟამად საქართველოს აქვს ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 29 500 დოზა. ამ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 25 მარტიდან დაიწყეს 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებმაც.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი. ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საქართველოს მასშტაბით 20 მრავალპროფილიან კლინიკაში გაგრძელდება "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ ვაქცინით 4100-მდე ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა "ასტრაზენეკათი" აცრის შემდეგ ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG