Accessibility links

site logo site logo

ბრიუსელის ბლოგი: დასავლეთის გაზაფხული


მომავალში, როცა ისტორიკოსები ადრეული 2020-იანი წლების პოლიტიკის გაანალიზებას შეეცდებიან, - ისეთი ფაქტორების, როგორიცაა დიდი სახელმწიფოების, აშშ-ის და ჩინეთის, მეტოქეობა, ავტორიტარიზმის ზრდა და დემოკრატიული სისტემების სიმყიფე, - 2021 წლის მარტი შეიძლება გამოიკვეთოს პერიოდად, რომელშიც დასავლეთმა საკუთარი ხმა, მიზანი და ერთიანობა მოიპოვა, სულ მცირე, სიმბოლური თვალსაზრისით მაინც.

ბოლო დღეები მართლაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელში სრული ოთხი დღე დარჩა, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში და შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან. წარსულს ჩაბარდა ალიანსის დატოვების მუქარა, მწვავე კრიტიკა ევროპაში თავდაცვაზე გაღებული თანხების სიმცირის გამო. შემდეგ ევროკავშირის სამიტში ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად. ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როცა ბარაკ ობამა შეუერთდა ევროკავშირის ლიდერებს მსგავს შეხვედრაზე.

გამოიკვეთა გეგმები ამ ზაფხულს ბრიუსელში ერთმანეთის მიყოლებით ნატოსა და ევროკავშირ-აშშ-ის სამიტების ჩატარების თაობაზე. ისმის საუბრები ხელახალი დასაწყისისა და უფრო მტკიცე თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და კომპლექსური გეოპოლიტიკური ასპექტები, რომელთა გარშემოც ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციები ყოველთვის არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ყველაზე მწვავე საკითხები, რომელთა გარშემოც ატლანტის ოკეანის მხარეები ყოველთვის ერთ პოზიციაზე არ დგანან, ორია - ჩინეთსა და რუსეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა. ამ საკითხებთან მიმართებით ევროკავშირისგან არც ბლინკენს და არც ბაიდენს არ მოუთხოვია პოზიციის მყისიერი გამკაცრება. თითქოს არსებობს იმის გაგება, რომ ევროპის კონტინენტზე ბევრ ქვეყანას უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ პეკინსა და მოსკოვთან, და იმის აღიარებაც, რომ ეს ორი დიდი სახელმწიფო, შესაძლოა, გამოსადეგი პარტნიორი იყოს, მაგალითად, გარემოს დაცვის თემატიკაში.

თუმცა ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ პოზიციის შერბილებას “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სახელით ცნობილ გაზსადენთან დაკავშირებით. ამავე დროს, ნათელი რჩება ის, რომ აშშ-ს არ სურს ევროკავშირმა დაამტკიცოს ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის შემუშავებასაც ევროპული კომისია 2020 წლის ბოლო დღეებში სწრაფი ტემპით ცდილობდა, გერმანიისა და საფრანგეთისგან ზეწოლის პირობებში.

ევროპელებმა, შესაძლოა, სრულად და მყისიერად არ გაიმეორეს თეთრი სახლის რიტორიკა მსოფლიოს დანაწევრების შესახებ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირმა ნამდვილად გადადგა მცირე, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.

ამ კვირაში ევროკავშირმა აამუშავა ადამიანის უფლებების სანქციები - ანუ მაგნიტსკის აქტის თავისი ვერსია - რუსეთისა და ჩინეთის რამდენიმე ოფიციალური პირის წინააღმდეგ. პირები, რომელთაც სანქციები შეეხო, შესაძლოა, არ იყვნენ ყველაზე მაღალი რანგისა, მაგრამ პეკინმა ამ ზომებს უპასუხა მწვავე სიბრაზით და დისპროპორციული ზომებით ევროპელი და ეროვნული პარლამენტარების, აკადემიის სფეროს წარმომადგენლების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭოს გავლენიანი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სამუშაოს დიდწილად განმსაზღვრელი, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წინააღმდეგ. პეკინის ამ მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის რატიფიცირების საკითხიც ევროპის პარლამენტში წელს მოგვიანებით დადგება, როგორც ჩანს, სიცოცხლე არ უწერია.

ევროკავშირის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს წინ უსწრებდა მიმდინარე თვეში რუსეთისთვის დაკისრებული დამატებითი სანქციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრების გამო. სანქციების დაწესებამდე მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი, ესპანეთის ყოფილი სოციალისტი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ღია და ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებით აღიარა, რომ რუსეთი ევროპას შორდება. ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები მალევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ დიდ აღმოსავლელ მეზობელთან ურთიერთობაში წარმმართველი უნდა გახდეს შერჩევითი თანამშრომლობა საერთო ინტერესის რამდენიმე სფეროში. სხვა მხრივ, ურთიერთობების მნიშვნელოვანი დათბობის პერსპექტივა არ იკვეთება.

სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პოზიციონირება შეცვალა. თუ მანამდე ის განიხილავდა აშშ-სა და ჩინეთთან თანაბარი დისტანციის დაჭერის პერსპექტივას და, ასევე, რუსეთთან დაახლოების პარიზულ იდეას, ახლა მას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უფრო მეტი სანქცია აქვს დაკისრებული რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი, თვისებრივი ცვლილებაა, რაც ევროკავშირს მტკიცედ აახლოებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებაზე სხვა ფაქტორებიც მეტყველებს. სულ ახლახან ლიეტუვამ გამოაცხადა, რომ ტოვებს 17+1 ჯგუფს - პეკინის მიერ შემუშავებულ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესკავშირების გაღრმავებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. უნგრეთის მმართველმა პარტიამ, ფიდესმა, რომელიც, შესაძლოა, ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მთავარი მხარდამჭერი იყოს, როგორც იქნა, დატოვა გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი EPP, რამაც ეს პარტია უფრო მოწყვლად პოზიციაში ჩააყენა და გავლენაც შეუსუსტა. პარალელურად, ჰოლანდიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და გერმანიაში ჩატარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონალურ კენჭისყრაში ცუდი შედეგი აჩვენეს პოპულისტმა ძალებმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე სპექტრიდან - იმ ძალებმა, რომლებიც ხშირად გაერთიანდებიან ხოლმე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მიმართ სიძულვილში.

თუმცა ეს ახალი ტენდენცი შესაძლო ძალიან მყიფე იყოს. ევროკავშირს ესაჭიროება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება და ამასთან დაკავშირებული კონფლიქტები, - უწინარესად, AstraZeneca-სა და დიდ ბრიტანეთთან - შესაძლოა, გადაიზარდოს ვაქცინათა მწარე ომში, რაც წყალს შეუყენებს დასავლეთის ნებისმიერ მზარდ ერთიანობას. კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევა იქნება ეკონომიკური განახლება მას შემდეგ, რაც პანდემია უკან დაიხევს. ამ პროცესში გადადგმულმა ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ყველა სახის პოპულისტ ძალას ხელახალი ენერგია შესძინოს.

საფრთხეები სხვა სფეროებშიც იკვეთება - მაგალითად, მიგრანტებთან დაკავშირებული მოულოდნელი კრიზისები, თურქეთთან დაკავშირებული კონფლიქტები როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიასთან დაკავშირებული უხერხული საკითხები ან ის, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ვარშავისა და ბუდაპეშტის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან მიმართებით. და ამდენად, დასავლეთის ამჟამინდელი, საგაზაფხულო, რომანი, შესაძლოა, ისტორიის პერსპექტივაში მართლაც მოკლევადიანი აღმოჩნდეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG