Accessibility links

site logo site logo

გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, ოპოზიცია ხელს მოაწერს ჩვენს შეთანხმებას


„გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული და რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ხვალ დაიწყება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს „ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს“:

„ეს გულისხმობს, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, ასევე მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ინიცირებით, რომლის ცვლილებებიც ემსახურება სწორედ პოლიტიკური ოპონენტების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების შენიშვნებს. აქედან გამომდინარე, ამას ემატება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ასევე პასუხობს ერთი ერთში ეუთო/ოდირის შენიშვნებს და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის კომპლექტი, რათა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

მისი შეფასებით, პოლიტიკური ოპოზიციისგან ისმის განცხადებები, რომლებსაც „არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია და საფუძველი“ არ გააჩნია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში მაინც არსებობს მოლოდინი, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG