Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები არ არსებობენ


საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ იქნება და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 29 მარტს, ევროკავშირის მედიატორის ხელმეორე ვიზიტის პარალელურად.

„მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?!“ - აცხადებს ღარიბაშვილი და განაგრძობს: „ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს“.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პრინციპულად მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს და პოლიტიკური კონტექსტით დაკავებული ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციასთან დიალოგი გრძელდება და მას იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება.

„ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე... ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე“, - ამბობს ის.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად, მედიატორის როლში, საქართველოში დაბრუნდა ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი. მისი პირველი ვიზიტი და ერთკვირიანი შეხვედრები დაპირისპირებულ მხარეებთან, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG