Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო რეგულირების სააგენტო: ექთნის საქმეზე დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ 28 წლის ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

სააგენტოს განცხადებით, დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მასალები შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან გადაიგზავნება:

„აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 26 მარტს განაცხადა, რომ 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში ერთობლივი კომისია შედგებოდა, სადაც განხილული უნდა ყოფილიყო როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ისე რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები.

თუმცა, 29 მარტს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა და შემაჯამებელი დოკუმენტი მზად არ არის.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG