Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: განცხადება მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის შესახებ, შეურაცხმყოფელია


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში მიმდინარე მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს.

„ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში.

ჯერ ერთი, მინდა, შევახსენო ყველას, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს თუ ხვალ გააგდებენ ალბათ და თქვენ ნახეთ ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც იგი გაეხვა. მისი, თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს დევნა მისი გუნდის წევრების. ეს ერთი, მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც იგი აკეთებდა აქ, იგი უარესობას აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში, და მესამე – სააკაშვილმა თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც იყო 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ, ასე რომ, ეგ საუბარი უნდა დავასრულოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ. მან კომენტარი გააკეთა ასევე ბიძინა ივანიშვილის პროცესში შესაძლო ჩართულობის საკითხზეც და განაცხადა, რომ მან პოლიტიკა დატოვა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა ანდრიას კუბილიუსმა და რასა ჯუკნევიჩიანემ გამოთქვეს მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში, რომელიც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარეობს, რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ჩაერთონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს, 29 მარტს კი უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

"ქართული ოცნების" შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG